საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრი 2021 წელს დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს ძალისხმევითა და მხარდაჭერით.
ცენტრი წარმოადგენს სამეცნიერო პლატფორმას, რომლის საქმიანობა მიმართულია სამეცნიერო-კვლევითი და მთარგმნელობითი პროექტების განხორციელებისკენ. ცენტრი ემსახურება საქართველოს ინტერესებს, მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ-სამეცნიერო მისიის მხარდაჭერასა და თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოების განვითარებას.
ცენტრში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს სამეცნიერო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის კვალიფიციური მეცნიერებით. საბჭო განიხილავს წარმოდგენილ პროექტებს, აფასებს მათ აქტუალობასა და საჭიროებას და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსების შესახებ.
ცენტრის მისიაა მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრება კვლევით და მთარგმნელობით საქმიანობაში, ხოლო მისი ძირითადი მიზნებია:
- მართლმადიდებელი ეკლესიის სამეცნიერო მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია
- თეოლოგიური, ისტორიული და ფილოსოფიური ტექსტების თარგმნა და გამოცემა
- ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა
- სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან